ჩვენი სკოლისთვის 28 მაისი ისტორიული დღე იყო. საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმადაც, ქველმოქმედმა ბიზნესმენმა ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა, როგორც მას ელდარ ნადირაძემ უწოდა, ,,კაცი სიკეთის გამცემი და სამაგიეროს არ მომკითხავი“, სკოლას საკუთრებაში გადასცა ახალი შენობა.
ეს ფაქტი იყო დაგვირგვინება სამწლიანი უანგარო შრომისა, რომელიც ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა ჩვენი სოფლის მომავალი თაობისათვის გასწია. რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ახალი შენობა, თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია, განახლებული წიგნადი ფონდი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ზოოკუთხე, სველი წერტილები, ვირტუალური ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი, სპორტული მოედანი, ღია საკლასო სივრცე, მრავალფეროვანი რეკრეაციული ზონა. ყოველივე ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ახდენილიყო პატარა ქანდის მოსახლეობის ოცნება – სკოლას დამატებოდა საშუალო საფეხური. გაწეული შრომის შედეგი იყო ისიც, რომ საჯარო სკოლებს შორის ავტორიზებული რამდენიმე სკოლიდან ერთ-ერთია პატარა ქანდის საჯარო სკოლა.
ბატონი ვაჟას მიერ გაწეულმა მადლიანმა საქმემ ჩვენს მოსწავლეებს შესძინა სიკეთის აღქმისა და კეთების უნარი. რთულია სიტყვამ დაიტიოს ის მადლიერება, რასაც განვიცდით. როგორც თავად ბატონი ვაჟა ბრძანებს, მასწავლებლების დაუღალავი შრომის შედეგად მოსწავლეების ღირსეული გამოსვლა ცხოვრების ასპარეზზე იქნება მისი ღვაწლის დაფასება.
შეხვედრა კიდევ უფრო შთმბეჭდავი გახადა ღირსეული ადამიანების სტუმრობამ: ეთნოლოგი და მეცნიერი ელდარ ნადირაძე, ი. ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, მსახიობი და მხატვარი ჟანრი ლოლაშვილი, ანსამბლ ,,ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ლოლაძე, გერმანისტი მიხეილ ლოლაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მისი მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი და გოჩა პარკაული.







